სასამართლომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე რომან ხორავამ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

მოსამართლის თქმით, არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე. მისი შეფასებით, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.

სასამართლო პროცესზე სიტყვით თავად ბრალდებულიც გამოვიდა.

„მე არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მეობას, პროცესს რაიმეთი შევუშალო ხელი. 28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არც ერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას, რომ მივიმალო, ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეზე და ა.შ“ - თქვა აბესაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

"მინდა, ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო... სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი. დუმილის უფლება, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. მინდა, მაქსიმალურად მჭიდროდ, ნებისმიერი გამოძახების შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირობებში ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რათა რეალურად, ეს ფაქტი, რაც მოხდა და საზოგადოება და ჩემი ოჯახი პრინციპში შოკირებულია, მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს სწორი პრინციპით ფინიშში" - განაცხადა ბრალდებულმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ორი დღის წინ დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები