ოთარ აბესაძის საქმე

პროკურორი: აბესაძე ქრთამის სახით აღებული ფულის ნაწილით, მოპედის ყიდვას აპირებდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ოთარ აბესაძის საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას თქმით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, უთხრა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა. მარშანია ამბობს, რომ აბესაძის მხრიდან ქრთამის მოთხოვნის ფაქტი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. პროკურორი ასევე ამბობს, რომ აბესაძე ქრთამის სახით ასაღები თანხის ჯერ მხოლოდ ნაწილი აიღო, შემდეგ კი თანხის სრულად გადახდას ითხოვდა.   

რაც შეეხება ჩანაწერებში ნახსენებ ტორტს, პროკურორი ამბობს, რომ „ტორტი და სხვა პატივისცემები, განკუთვნილი იყო მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის“.

თბილისის მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით, ოთარ აბესაძე ორი დღის წინ დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები