ავიაცია

რუსულმა მხარემ აირზენას მოსკოვში ფრენები შეუზღუდა

flickr.com/photos/picturejohn64

დღეს მოსკოვის მიმართულებით Georgian Airways-ის რეისი არ შესრულდა, რისი მიზეზიც რუსული რეგულატორის მიერ ქართული ავიაკომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვა გახდა. ავიაკომპანიას ამ ნაბიჯით 2 ათასი გაყიდული ბილეთი გაუუქმდა. 

რუსულმა მხარემ აირზენას მოსკოვის მიმართულებით კვირაში 21 რეისიდან 4-ის განხორციელება აუკრძალა. 

RIA-ს ცნობით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აკრძალვას ქართული მხარის მიერ ურალის ავიახაზებისთვის ქალაქ ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულებაზე უარს უკავშირებს და აკრძალვას "სარკისებურ პასუხს" უწოდებს.

"საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა შეასრულოს ვალდებულება რუსული მხარის მიმართ და მან უფლება უნდა მისცეს "ურალის ავიახაზებს", რომ მან თბილისის მიმართულებით რეისიები შეასრულოს", - წერია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

აირზენამ მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის რუსული მხარის აკრძალვას უკანონოს უწოდებს. ავიაკომპანიას აკრძალვის შედეგად 2 ათასი გაყიდული ბილეთი გაუუქმდა.

"რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ "ჯორჯიან ეარვეისისს" უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (თითოეული მხრიდან დღეში 3 რეისი, ჯამში 6) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მითუმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ, ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები მათი ინტერესების სრული უგუვებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა", - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.

აკრძალვას წინ აირზენას მხრიდან ყაზანის მიმართულებით რუსული მხარისთვის რეისების განხორციელების მინიჭების თხოვნა უძღვოდა. აირზენას რეგულატორმა ამ რეისის შესრულების უფლება არ მისცა. ამავდროულად, რუსული ავიაკომპანია "ურალის ავიახაზები" თბილისში მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ჟუკოვსკიდან გეგმავდა ფრენების დაწყებას, თუმცა მას ამის უფლება არ მიეცა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულია სატრანსპორტო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კვირის მანძილზე ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს მოსკოვის მიმართულებით 21-21 რეისის შესრულების უფლება აქვთ. 

ურალის ავიახაზები ფრენების დაწყებას ქალაქ ჟუკოვსკიდან ითხოვდა. ქალაქი ტექნიკურად მოსკოვის საზღვრებში არ შედის, თუმცა ის მოსკოვიდან 40 კილომეტრის დაშორებითაა. იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე ურალის ავიახაზებს მისცემდა უფლებას დაეწყო რეისები თბილისის მიმართულებით ამით 21-21 სიხშირიანი პარიტეტი დაირღვევოდა.

კომენტარები