ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა სტრასბურგის სასამართლომ დადასტურებულად ცნო

parliament.ge

"მინდა საქართველოს მოსახლეობას შევახსენო, რომ სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მტკიცების ძალიან მაღალი სტანდარტით დადგინდა, რომ ვანო მერაბიშვილი იქნა გაყვანილი ციხიდან. ეს ფაქტი არის დადგენილი", - ამბობს პარტია ევროპული საქართველოს წევრი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატო ოთარ კახიძე.

დღეს გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ მას თავად სოზარ სუბარმა დაუდასტურა ინფორმაცია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსანი, საუბრობს იმაზე რომ ჩადენილ იქნა დანაშაული, რომელსაც მთელი სისტემა ფარავდა. დაწყებული მაშინდელი პრემიერმინისტრიდან დასრულებული მთავარი პროკურორით, რომლებიც ამ საქმის ჩაფარცხვისთვის მუშაობდნენ", - რუსთავი 2-თან ამბობს ოთარ კახიძე.

კახიძის თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ გაუგზავნა ამ საქმეზე გამოძიების მიერ მომზადდებული არცერთი დოკუმენტი, რადგანაც სინამდვილეში პროკურატურას არავითარი გამოძიება არ ჩაუტარებია.

"საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ გაუგზავნა ამ გამოძიების ამსახველი არცერთი დოკუმენტი, ანუ მოკლვევის ერთი დოკუმენტიც კი არ მოუწოდებიათ სასამართლოსთვის. 

ამ საქმეს აქვს კონკრეტული პოლიტიკური შინაარსი, ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ ბრალდება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მისი პატიმრობა ემსახურებოდა არალეგიტიმურ პოლიტიკურ მიზნებს", - ამბობს კახიძე.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

ციხიდან გაყვანის საქმეს გავლენა ჰქონდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ქართული მხარის მიერ ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა.

 

კომენტარები