ე.წ. ქართველთა მარში

ხოშტარია: ახლა გამოჩნდება, გავხდებით თუ არა ფაშისტების და მოძალადეების სახელმწიფო

ტაბულა

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოლიდარობას უცხადებს თათია დოლიძეს, რომელსაც ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.

"სოციალურ ქსელში ვიხილეთ აბსოლუტურად ამაზრზენი შემთხვევა ფაშისტი, ჰომოფობი, მოძალადე ჯგუფებისგან თავისუფალ მოქალაქეზე სექსუალური მუქარის შემცველი განცხადებებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს აზრი, მაგრამ გუშინდელი განცხადებები თათია დოლიძის მიმართ იყო კონკრეტულად სექსუალური ძალადობის შემცველი", - თქვა ხოშტარიამ. 

ხოშტარიას თქმით, ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და "ახლა გამოჩნდება, რომ ვართ სახელმწიფო, რომლისთვისაც ფასეულია თავისუფლება, თუ სახელმწიფო, რომელიც გახდება მოძალადეთა და ფაშისტების."

"ვუცხადებთ სოლიდარობას თათია დოლიძეს და ყველა იმ ქალს, ვინც არის ძალადობის ან ძალადობის მუქარის შემცველი განცხადებების მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ჯგუფები თავის დროზე წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ. დღეს ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად უმოქმედო, უუნარო ხელისუფლებას, რომელიც არ იცავს თავის მოქალქეებს მსგავს შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი, მთლიანად საზოგადოების, ვალია, ეს არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი, ამ მოქმედებას გაეცეს და მიიღოს სათანადო პასუხი. ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, პოლიტიკური პარტიებთან, რომ არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე ქვეყნისთვის ძალიან საშიში მოვლენა",- ამბობს ხოშტარია.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

კომენტარები