ე.წ ქართული მარში

NGO-ები: სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარა

facebook.com/konstantine.morgoshia

კოალიცია თანასწორობისთვის თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სათანადო ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად. NGO-ების განცხადებით, უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 

"მიგვაჩნია, რომ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული კომენტარები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს - მუქარა (სსკ 151-ე მუხლი) ან წამების მუქარა (სსკ 1442-ე მუხლი). ჯანმრთელობის დაზიანება, რაც 151-ე მუხლის შემადგენელი ნაწილია, მოიცავს არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევაში გარდაუვალია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანება. რაც შეეხება წამების მუქარას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, სექსუალური ძალადობა ექცევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) ფარგლებში. შესაბამისად, გაუპატიურების მუქარა ქმნის სსკ 1442-ე მუხლს" - აცხადებს კოალიცია და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის გამოძიება უნდა დაიწყოს მის შესახებ ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიღების შემთხვევაში.

"ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სექსუალური ძალადობის მუქარა ქალთა გასაგნების, მათი სექსუალურ ობიექტად დასახვის პრაქტიკაა. იგი გამოიყენება საჯარო სივრცეებიდან ქალების განდევნის და მათი კონტროლის ინსტრუმენტად, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხებზე პოზიციების გაჟღერებისგან თავის შეკავების იძულების და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან მათი გამორიცხვის მიზნით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა და შევიწროვება, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამგვარი ფაქტების გამოძიებას და უზრუნველყოს არამხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ მისი სწრაფად, მიუკერძოებლად და ყოველმხრივ ჩატარება. სახელმწიფოს მიერ ამგვარი დანაშაულის არასათანადო გამოძიება დისკრიმინაციული იქნება ქალთა მიმართ, მოახდენს ძალადობის არსებული პრაქტიკის ლეგიტიმაციას და წაახალისებს ძალადობის ახალ კერებს" - აცხადებს კოალიცია თანასწორობისთვის.

NGO-ები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს თათია დოლიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების სწრაფად, მიუკერძოებლად და გენდერული ხედვით ჩატარება;
  • სისხლისსამართლებრივ დევნაზე გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი წერტილი იყოს ქმედების დამაზიანებელი ეფექტი ქალებისთვის და საჯარო ინტერესი.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ სექსისტურ და დანაშაულებრივ განცხადებებს, ისევე როგორც მარშის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ქსენოფობიურ, რასისტულ მოწოდებებს, პოლიტიკური ხელისუფლება მკაცრად გაემიჯნოს და მოხდინოს თანასწორობასა და ადამიანის უფლებების იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების ღია მხარდაჭერა და გავრცელება" - ნათქვამია კოალიცია თანასწორობისთვის განცხადებაში.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები