ე.წ ქართული მარში

ხოშტარია: 23 ივლისს აქციას ვაანონსებთ, არ მივიღებთ ძალადობას ქართველობის ვერსიად

ტაბულა

კვირას, 23 ივლისს, 20:00-ზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ის თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე აღნიშნავს, რომ მსგავს განცხადებებს გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

„კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, რომელშიც ჩვენ მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას“ - ამბობს ხოშტარია და დოლიძეზე მუქარის ფაქტს „უკიდურესად საგანგაშო მოვლენას“ უწოდებს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა აღწევს საგანგაშო მასშტაბებს და გვახვევს თავს „ქართველობის“ ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას, როდესაც ცდილობენ, თავს მოგვახვიონ, თითქოსდა ქართველობა არის ადამიანის მუქარა, სექსუალური ძალადობა და ზოგადად ძალადობა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ის იყო კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაული“ - განაცხადა ხოშტარიამ.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან. მოგვიანებით, მათ პოსტები წაშალეს და მუქარა უარყვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის მუხლით გამოძიება დღეს დაიწყო.

კომენტარები