შეხვედრა რუს ადვოკატთან

უმცროსი ტრამპის რუს იურისტთან შეხვედრას ირაკლი კაველაძე ესწრებოდა

ირაკლი კაველაძე
youtube.com/Mediametrics Live

მერვე პირის ვინაობა, ვინც 2016 წლის ივნისში დონალდ ტრამპ უმცროსის რუს ადვოკატთან შეხვედრას დაესწრო გაირკვა. ის წარმოშობით ქართველი ირაკლი (იკე) კაველაძეა. CNN-ის ცნობით შეხვედრაზე მისი დასწრება მისმა კიდევ ერთმა მონაწილემ სკოტ ბალბერმა დაადასტურა.

2016 წლის ივნისში დონალდ ტრამპ უმცროსი შეხვდა რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიტსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე აშშ რუსეთის ურთიერთობები განიხილეს, თუმცა როგორც შემდგომში გაირკა შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უმცროს ტრამპს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მასალების გადაცემა შესთავაზა. ამ დრომდე უცნობი იყო შეხვედრის მონაწილე მერვე პირის ვინაობა.

52 წლის ირაკლი კაველაძე აშშ-ის მოქალაქეა. 2004 წლიდან ის აზერბაიჯანული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მილიარდერის არას აგალაროვის უძრავი ქონების ბიზნესის და სხვა კომპანიების აქტივებს მართავს. კაველაძეს აგალაროვის კომპანია Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უჭირავს.

2013 წელს ტრამპმა არას აგალაროვის პარტნიორობით მოსკოვში მის მსოფლიოს კონკურსი ჩაატარა, (ტრამპის ორგანიზაცია ფლობს ამ კონკურის ლიცენზიას). CNN-ის ცნობით, სავარაუდოდ ამ პერიოდში დაიწყო კონტაქტი კაველაძესა და ტრამპებს შორის. 

სკოტ ბალბერის თქმით, კაველაძე რუსეთის მთავრობასთან არასდროს ყოფილა დაკავშირებული, შეხვედრაზე კი ის რუსი ადვკატის თარჯიმნის როლში მიიწვიეს, რადგანაც ის რუსულს კარგად ფლობს. ბალბერის თქმით, შეხვედრაზე ვესელნიტსკაია საკუთარი თარჯიმნით მივიდა.

ირაკლი კაველაძე აშშ-ში ფულის გათეთრების ერთ-ერთ უმსხვილეს სკანდალში იყო ჩართული. The New York Times-ის ცნობით, 1996-2000 წლებში კაველაძემ დელავერის შტატში დაფუძნებული 2 ათასი ფიქტიური ორგანიზაციის მეშვეობით რუსი კლიენტებისთვის ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. მის მიერ გათეთრებული ფულის მოცულობა დაახლოებით $1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფინანსური მაქინაციების გამო პროკურატურა მის დაკავებას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ის არ დაუკავებიათ.

კაველაძე აგალაროვის კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე რუსულ მეტალურგიულ კომპანია Nornickel-ში მუშაობდა. 2003 წელს Nornickel-მა ამერიკული მეტალურგიული კომპანია Stillwater-ი შეიძინა. ამ პერიოდში კაველაძე stillwater-ში დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატი იყო, თუმცა წარსულში ჩადენილი ფინანსური მაქინაციების გამო ის საბჭოს წევრობის კანდიდატობიდან მოხსნეს. Ведомости-ის ცნობით, კაველაძე Nornickel-ის გენერალური დირექტორის მიხეილ პროხოროვის თანაკურსელი იყო.

კომენტარები