კონსტიტუციის პროექტი

კაპანაძე დიპლომატებს: ხელისუფლების გზავნილებთან ერთად, ჩვენიც გააჟღერეთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს საქართველოს დიპლოომატიურ კორპუსს შეხვდა და კონსტიტუციის პროექტზე ესაუბრა. ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე საკუთარ FB-გვერდზე წერს, რომ ეს მხოლოდ ქართული ოცნების ხედვაა კონსტიტუციასთან დაკავშირებით და არა სახელმწიფოსი.

"როდესაც მათ დაავალებენ, რომ უცხო ქვეყნებში ის გზავნილები გააჟღერონ, რაც მათ ახლა უთხრეს, იქვე, კარგი იქნება, თუ დაამატებენ შემდეგ გზანილებსაც:

- კონსტიტუციით უქმდება პრეზიდენტის არჩევნები, მაშინ როდესაც (ა) საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტის არჩევა ჩვეულებრივი ამბავია, მაგალითად სლოვაკეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში, ირლანდიაში, სლოვენიაში, ისლანდიაში და ა.შ. და (ბ) საქართველოში მოსახლეობის 90%-ზე მეტი მომხრეა, რომ თავად აირჩიონ პრეზიდენტი.

- უქმდება უშიშროების საბჭო, მაშინ როდესაც ჩვენნაირი გამოწვევების მქონე ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირება ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ ვინ და ჩვენმა დიპლომატებმა ეს ძალიან კარგად იციან ისედაც.

- საპარლამენტო მოდელში ისეთი პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიგონეს, რომ პირველზე გასული პარტია იღებდა ყველა გადაუნაწილებელ მანდატს. ვენეციის კომისიამ ეს შეაფასა, როგორც საარჩევნო უფლების ღია დარღვევა. ოპოზიციამ ამ მოდელს "მუსოლინის საარჩევნო სისტემა უწოდა".

- ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიას საარჩევნო სისტემაზე ერთი ვერსია გაუგზავნა, შემდეგ მეორე სისტემა განიხილა, და ბოლოს სულ სხვა რამე მიიღო.

- დღეს შემოთავაზებული საარჩევნო სისტემით 2024 წლიდან თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ხმების მხოლოდ 38% მოაგროვებს, ხოლო მეორე და მესამეზე გასული პარტიები ხმების 49%-ს და მოინდომებენ კოალიციის შექმნას, ისინი ამას ვერ იზამენ, რადგან ბონუსით პირველი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას. რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი უსამართლო მოდელი, ესეც მოიკითეთ თქვენი ადგილმსაყოფელი ქვეყნების დედაქალაქებში", - წერს კაპანაძე.

ქართველი დიპლომატები ამბობენ, რომ მათ რაიმე კონკრეტული დავალება არ მიუღიათ, უბრალოდ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციის პროექტს, დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის გარდა, ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციამ ბოიკოტის ნიშნად სხდომები დატოვა. კონსტიტუციის პროექტს მხარს არ უჭერენ არასამთავრობოები და პრეზიდენტი.

კომენტარები