სააკაშვილის ექსტრადიცია

შოთაძე: სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება უკრაინის კონსტიტუციაა

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისთვის შემაფერხებელი გარემოება უკრაინის კონსტიტუციაა. შოთაძე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოსთვის გადმოცემის თემაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მივიღეთ უარი. ეს მოთხოვნა გაგზავნილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან - უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად, თუმცა დღესდღეობით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება სამართლებრივად არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მიმართვა კვლავ გაგზავნილია ექსტრადირების მოთხოვნაზე“ - განაცხადა შოთაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ, თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით, მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განმარტა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაარკვია, რომ უკრაინამ ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა.

კომენტარები