საქართველოს პროკურატურა

გენერალ თამაზ ნინუას და მისი ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი ცოლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ თამაზ გოგიას 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საქმე ეხება 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში მისი და მისი მეუღლის მკვლელობას. მაშინ დადგინდა, რომ დანაშაული უკავშირდებოდა კომპანიის წილებზე დავას.

პროკურატურამ თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა 2016 წლის 17 ოქტომბერს გადაწყვიტა.

„საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და თავიდან შევისწავლეთ საქმის მასალები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.  

დადასტურდა, რომ თამაზ გოგიას მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები