აშშ-რუსეთი

ტრამპი: მე და პუტინმა სხვადასხვა საკითხზე თავაზიანად ვისაუბრეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, რუს კოლეგასთან შეხვედრა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მან და პუტინმა, ძირითადად, სხვადასხვა საკითხზე თავაზიანად ისაუბრეს, თუმცა, ძირითადი საკითხი შვილად აყვანის თემას ეხებოდა.

დონალდ ტრამპის თქმით, "საინტერესოა", რომ მისი უფროსი ვაჟის თემა ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრის შემდეგ წამოიჭრა. სანქციებზე საუბრისას, პუტინმა დაგმო ამერიკის მოქალაქეების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანა. ცნობისთვის, 2012 წლიდან რუსეთში აკრძალულია რუსი ბავშვების გაშვილება ამერიკელებზე, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ბრალი დასდო ადამიანის უფლებების დარღვევაში რუსეთს და სანქციები დააკისრა.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში სენატში დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი, სიძე და საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხებიან. უმცროსმა ტრამპმა და პოლ მანაფორტმა ჩვენება 26 ივლისს იურიუდიულ კომიტეტში უნდა მისცენ. ჯარეტ კუშნერი კი, ორი დღით ადრე დაზვერვის კომიტეტშია დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა მეორე შეხვედრაც გამართეს, რომლის შესახებაც ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა. BBC-ის ცნობით, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ოფიციალური ვახშმის დასასრულს ერთი საათი ისაუბრეს და ამ შეხვედრას მხოლოდ ვლადიმირ პუტინის თარჯიმანი დაესწრო.

ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა კი, დიდი ოცეულის სამიტზე, 7 ივლისს გაიმართა.

კომენტარები