პატრიოტთა ალიანსი

"არ გვინდა ინტერვიუები" - მარშანიამ კვიციანს ჯავახიშვილზე კომენტარი არ გააკეთებინა

მოსკოვში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს ემზარ კვიციანს მისივე კოლეგამ ადა მარშანიამ კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცა. კვიციანი ჟურნალისტებთან ვანო ჯავახიშვილის შესაძლო მკვლელობის დაანონსებასა და გამოკითხვაზე დაბარებაზე აპირებდა საუბარს.

"ყველა მოდით აქ" - მიმართავდა ემზარ კვიციანი მედიას კომენტარის მისაცემად, ამ დროს კი, ადა მარშანია მივიდა ჟურნალისტებთან რეპლიკით - "არ გვინდა ინტერვიუები, არ გვინდა". კვიციანმა მარშანიას "დაწყნარებისკენ" მოუწოდა, თუმცა, რამდენიმე წამში, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ "ინტერვიუები არ იქნება".

ცნობისთვის, ემზარ კვიციანმა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის შესახებ ვარაუდი ორი დღის წინ გამოაქვეყნა. გუშინ კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ჯავახიშვილს აღარაფერი ემუქრება, რადგან მან "წინასწარი ანალიტიკური პრევენცია" მოახდინა.

facebook-პოსტის გამო, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა რუსთავი 2-ის წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა.

კომენტარები