აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

მუხთარლის საქმეზე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის უფროსები პოსტებს ტოვებენ

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კუპრაშვილმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით ნიკოლეიშვილმა აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებით არავითარი კითხვა არ დარჩეს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ" - განაცხადა მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია თანამშრომლების უდანაშაულობაში.

"ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად" - თქვა შს მინისტრმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები უკვე გაიმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები