აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას დღეს, 20 ივლისს გადაეცა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს" - აცხადებს პროკურატურა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები უკვე გაიმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები