პატრიოტთა ალიანსი

მარშანია: რუსი დეპუტატებიც უნდა ჩამოვიდნენ და ჩვენც სისტემატურად ვივლით მოსკოვში

ადა მარშანია
საქართველოს პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსი დეპუტატები თბილისში დაპატიჟეს. ადა მარშანია მათ ვიზიტს ადასტურებს და აანონსებს, რომ სექტემბერში თავად ისევ ჩავლენ მოსკოვში.

„რასაკვირველია, ვიზიტიც უნდა განახორციელონ აქ თბილისში და ჩვენ, ცხადია, იქ პერიოდულად და სისტემატიურად ვივლით. შევეცდებით ჩვენი კოლეგების დარწმუნებას იმაში, რომ ეს აუცილებელია და დიალოგში ყველა ფრაქცია უნდა იყოს წარმოდგენილი. თავის მხრივ დუმას დეპუტატმა ბატონმა კალაშნიკოვმა ბრძანა, რომ მას აქვს მანდატი სრულიად დუმას სახელით გვესაუბროს და ეს ძალიან კარგი ფაქტია. რამე ძვრა როგორ მოხდება, თუ დიალოგი არ შედგა?” - განაცხადა მარშანიამ.

გუშინ, რუსეთის სახელმწიფო დუმა-ს დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მოწვევით, რუსეთის დუმას დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში ჩამოვა.

11 ივლისს პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველო-ნატო-რუსეთის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

კომენტარები