ე.წ ფოტოგრაფების საქმე

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლომ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების“ საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ძებნილი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, დადასტურდა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძეს და ნათია გედენიძეს ზეწოლით მიაცემინებს ცრუ აღიარებითი ჩვენება. 

"შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით დევნოზაშვილმა გადაწყვიტა, დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.

ამ მიზნის განსახორციელებლად დავით დევნოზაშვილი 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენიმეჯერ, ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები.

ასევე, N8 საპყრობილეში, დავით დევნოზაშვილი, ამავე საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება.

მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დავით დევნოზაშვილმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დავით დევნოზაშვილი გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში“ იყო; "რაც უნდათ, იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.

დავით დევნოზაშვილის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დავით დევნოზაშვილის მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვის დროს, ვიდეო კამერაში. ამ მიზნით, დავით დევნოზაშვილი, მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა ამ უკანასკნელს დაკითხვისას" - აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით და 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები