ჯონ მაკკეინი

მაკკეინი: მე მალე დავბრუნდები

"ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას - კონგრესში ჩემი მოპაექრეების სამწუხაროდ, მალე დავბრუნდები. ასე რომ, მოემზადეთ!" - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მისთვის დასმულ დიაგნოზს.

ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან უკვე ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ მაკკეინი პირად ექიმთან შემოწმებაზე მივიდა ისე, რომ არც კი ვარაუდობდა სიმსივნის არსებობას. ამერიკული მედიის ცნობით, ის შეუძლოდ ყოფნას გადაღლილობასა და ბოლო პერიოდში მოგზაურობას აბრალებდა.

ჯონ მაკკეინს ჯერ კიდევ 2000 წელს დაუდგინეს კანის კიბო, რისგანაც სენატორმა განკურნება შეძლო, თუმცა ტვინის სიმსივნის კერა სწორედ იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მას კანის კიბო ჰქონდა.

ჯონ მაკკეინი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინს სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დიდ მეგობრად, რადგან ის რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა და ამასთან საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად ლობირებს საქართველოს. სენატორი თბილისში არაერთხელ ყოფილა სტუმრად. ბოლო ვიზიტი 2017 წლის იანვარში შედგა.

კომენტარები