ქრთამის აღება

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავა

REUTERS

სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი - თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავა.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. გამოძიება ბრალდებულებს უცხოელი მოქალაქისგან 15 ათასი აშშ დოლარის აღებას ედავებიან.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა. ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 აშშ დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაარიცხინა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

დღესვე, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები  საქართველოს მოქალაქეს ქ.რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე  სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას  დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ  ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა. ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ქრთამის სახით გადაცემული თანხა - 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად", - თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების ცნობით, გამოძიება ორივე საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ და მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები