აქცია - არა რუსულ ფაშიზმს

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აქციას "არა რუსულ ფაშიზმს" შეუერთდება

0 კომენტარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი დღეს დაგეგმილ აქციას "არა რუსულ ფაშიზმს" შეუერთდება. 

TDI-ის განცხადებით, ორგანიზაცია უერთდება ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს რასიზმთან, სიძულვილთან და ძალადობასთან ბრძოლას. 

"TDI-ისთვის მიუღებელია ყველა ღონისძიება, რომელიც ემსახურება რუსული რბილი ძალის მეთოდებით, საზოგადოებაში ქსენოფობიის და ადამიანების დევნის დამკვიდრებას, შიშის თესვასა და ძალადობით მუქარას,"- წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სახელმწიფო ორგანოებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ წაახალისონ ფაშისტური მოწოდებები და აქტივობები, მათ შორის "უმოქმედობითა და ნეიტრალური პოზიციის გამოხატვით". 

ე.წ. ქართველთა მარშის წინააღმდეგ დაანონსებული აქცია, სახელწოდებით "არა რუსულ ფაშიზმს" დღეს 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. აქციის მონაწილეები აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე აპირებენ შეკრებას. მსვლელობის ორგანიზატორი ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა.

"ჩვენ, მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას“ - ამბობს ელენე ხოშტარია და ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მხრიდან თათია დოლიძეზე მუქარის ფაქტს "უკიდურესად საგანგაშო მოვლენას" უწოდებს.

აქციის დაანონსებიდან მეორე დღესვე ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორებმა კონტრაქცია დააანონსეს. სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ის ევროპული საქართველოს წევრებს აღმაშენებლის გამზირზე გავლის საშუალებას არ მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ მათ კონტრაქციის სანქცია გაუუქმა, ისინი აქციის გამართვას მაინც აპირებენ. 

"ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე", - ამბობს სანდრო ბრეგაძე, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორი. 

ცნობისთვის, ე.წ ქართული მარში აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა. მათ მოითხოვეს, საქართველო დატოვონ არალეგალმა მიგრანტებმა. აქცია Facebook-ში გააკრიტიკა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ, რის შემდეგაც, მას ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები - კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, გიორგი ონიანი და რამაზ გაგნიძე ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. სწორედ ამის შემდეგ დააანონსა რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქცია ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები