არა რუსულ ფაშიზმს

ევროპული საქართველოს ორგანიზებული აქცია-მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო

ტაბულა

ევროპული საქართველოს მიერ დაანონსებული აქცია-მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" დაიწყო. შეკრებილები რუსულ ოკუპაციას, ძალადობას, სიძულვილის ენას, რასიზმსა და ქსენოფობიას აპროტესტებენ.

"არა კოლაბორაციონიზმსა და მტერთან თანამშრომლობას", - აცხადებენ შეკრებილები.

"საქართველოში ფაშიზმს ასაზრდოებს საქართველოს ხელისუფლება", - ამბობს პარტიის ლიდერი გიგი უგულავა.


ფოტო: ტაბულა

აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსული რბილი ძალის მეთოდებით, საზოგადოებაში ქსენოფობიის და ადამიანების დევნის დამკვიდრება, შიშის თესვა და ძალადობით მუქარა.

აქციაზე არიან რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებიც.

მოშორებით, აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან ე.წ. ქართველთა მარშის მონაწილეები. სანდრო ბრეგაძე პატრიარქის თხოვნას აქციის ჩატარებისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით "დაემორჩილა", თუმცა, აღმაშენებელზე მყოფები ამბობენ, რომ თითოეული მონაწილე პროტესტს ინდივიდუალურად გამოხატავს.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები პოლიციის კორდონით არიან შემოსაზღვრული. მსვლელობისთვის გზა თავისუფალია და ორივე მხარეს ჯებირებია დამონტაჟებული.

აქციის გაუქმება პატრიარქმა ევროპულ საქართველოსაც სთხოვა, რასაც პარტიაში უარით უპასუხეს. როგორც ისინი ამბობენ, "აქციის ჩატარებისგან თავი მათ უნდა შეიკავონ, ვინც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრება". [ე.წ. ქართველთა მარშის წევრები 25 წლის ქალის კრიტიკას სწორედ ასეთი "გეგმით" შეხვდნენ].

კომენტარები