ე.წ. ქართველთა მარში

ევროპული საქართველოს აქცია-მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" დასრულებულია. შეკრებილებმა რუსული ოკუპაცია, ძალადობა, სიძულვილის ენა, რასიზმი და ქსენოფობია გააპროტესტეს. "არა კოლაბორაციონიზმსა და მტერთან თანამშრომლობას", - აცხადებდნენ შეკრებილები.

აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსული რბილი ძალის მეთოდებით, საზოგადოებაში ქსენოფობიის და ადამიანების დევნის დამკვიდრება, შიშის თესვა და ძალადობით მუქარა.

"ეს აქცია არის ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო განაცხადი, რომ საქართველოში რუსული ფაშიზმი ვერ მოიკიდებს ფეხს; რომ ეს მოძალადეები, რომლებსაც კვებავს ხელისუფლება, ვერ ისაუბრებენ ჩვენი სახელით. საქართველო არის მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა. მათ აქვთ მარშის ჩატარების უფლება, მაგრამ არავის საქართველოში არ ექნება ძალადობის უფლება", - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებმაც.

პატრიარქის თხოვნის მიუხედავად შეკრებისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით, კონტრაქცია ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა მაინც გამართეს. ისინი ბილწსიტყვაობის თანხლებით, პომიდვრებს, ცოცხებს, ბოთლებსა და კვერცხების ისროდნენ. მათ მიერ ნასროლი შუშის ბოთლი მოხვდა ქალს და ჭრილობა დაუტოვა. ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა მსვლელობასთან მიახლოება პოლიციის რამდენიმერიგიანი კორდონის გამო ვერ შეძლეს. 

აქციის გაუქმება პატრიარქმა ევროპულ საქართველოსაც სთხოვა, რასაც პარტიაში უარით უპასუხეს. როგორც ისინი ამბობენ, "აქციის ჩატარებისგან თავი მათ უნდა შეიკავონ, ვინც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრება". [ე.წ. ქართველთა მარშის წევრები 25 წლის ქალის კრიტიკას სწორედ ასეთი "გეგმით" შეხვდნენ].

კომენტარები