საქართველოს პარლამენტი

კობახიძე მარშანიას: პარტიული ვიზიტის ანგარიშს პარლამენტის ბიურო ვერ მოისმენს

ადა მარშანია
საქართველოს პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის წევრს ადა მარშანიას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არ მოუსმინეს. დეპუტატს მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით სურდა საუბარი.

„მათ [რუსეთს] აწუხებთ ეს ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ და ისიც აღნიშნეს, რომ აქტივობა ნატოს მიმართულებით არის გაზრდილი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობასთან შედარებით. ისიც შეგვახსენეს, რომ აი, ახლახანს თბილისში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს მოსკოვში ვიზიტის დეტალებზე საუბრისას სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეაწყვეტინა.

„საპარლამენტო ვიზიტის ანგარიშს ისმენს პარლამენტის ბიურო. პარტიული ვიზიტის ანგარიშს არ ისმენს პარლამენტის ბიურო. პარტიულ ვიზიტებზე საუბრობენ ღია ბრიფინგით, ეს არის რეალობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ ვერ მოვისმენთ პარტიული ვიზიტის ანგარიშს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც ადა მარშანია არ დაეთანხმა.

"თქვენ ხომ იცით, რომ ეს სასიცოცხლოა ჩვენი ქვეყნისთვის, არ გვინდა ასეთი ფორმალური, არაფრისმომტანი მიდგომა" - მიმართა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

ცნობისთვის, 11 ივლისს პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში დუმას დეპუტატებს შეხვდნენ. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველო-ნატო-რუსეთის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

კომენტარები