კრიმინალი

გერმანიაში ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულს გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლი ეძებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე აწარმოა.

"ზემოხსენებული მასალების თანახმად, 1986 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1977 წელს დაბადებულმა ნ.ძ.-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში ქალაქ ნიურნბერგში, 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, „როლექსის“ მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ "ძებნილი პირი, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმალვაში იყო, კონსპირაციულად გადაადგილდებოდა, ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს".

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს.

კომენტარები