პრეზიდენტის ვეტო

NGO-ები პარლამენტს: გაიზიარეთ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

არასამთავრობო ორგანიზაციები

49 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიზიაროს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე. NGO-ები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 

არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება:

  • აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, ვინაიდან შეიზღუდება როგორც ადგილებზე დასახლების საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, აგრეთვე, გართულდება მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
  • შეზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას, ვინაიდან ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის აღარ იარსებებს დამოუკიდებელი ბიუჯეტები, როგორც ძლიერი ინსტრუმენტი ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და საქალაქო და სასოფლო პრობლემების გადასაჭრელად;
  • გამოიწვევს უთანასწორო პირობებს ქალაქისათვის, რადგან საკრებულოში, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ მაჟორიტართან ერთად, ქალაქიდან მაქსიმუმ 5 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი;
  • შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსესუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშეა მიღებული. აღნიშნული ფაქტი კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებებში;
  • კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს, ვინაიდან ცესკოს მიერ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო ოლქებში უკვე დაწყებულია პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ გამგებლობისა თუ მერობის კანდიდატთა წარდგენა, აგრეთვე, დამკვირვებელი ორგანიზაციების სარეგისტრაციოდ ნომინირება. შექმნილ ვითარებაში კი, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოს უწევთ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავენ საარჩევნო სუბიექტებს და ქმნიან არაკონკურენუნარიან საარჩევნო გარემოს;
  • წარმოშობს მმართველობითი ხასიათის პრობლემებს. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, დღეს არსებული 14 თვითმმართველი ერთეული (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) შეწყვეტს არსებობას და სწორედ აგვისტოს ბოლოდან იარსებებს 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი, ხოლო გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები – საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იარსებებენ.
  • წარმოშობს საბიუჯეტო პრობლემებს. აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ იარსებებს დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მუნიციპალიტეტები აღარ იარსებებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო 20 ივლისს დაადო. პარლამენტი მის დაძლევაზე ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.

კომენტარები