ინფლაცია

ეროვნული ბანკი: წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

2017 წლის ივნისში იფნლაციამ 7.1% შეადგინა, ეს 2011 წლის აგვისტოს შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. საქსტატის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი იყო ფასების ზრდა ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 15.3%-ს შეადგენს, ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა ფასები და სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე.

დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სებ-ი ინფლაციის შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან ელოდება. 

"2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია; პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება", - წერია სებ-ის გადაწყვეტილებაში. 

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე 2 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით გაზარდა, მაშინ ბანკმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო მიიღო. სებ-ის შეფასებით, ამ დროისთვის განაკვეთის დამატებითი ზრდის საჭიროება არ ჩანს. 

კანონის მიხედვით, ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. სებ-ი ამ მოვალეობას რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით, ანუ მის მიერ კომერციულ ბანკებზე მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით აკონტროლებს. თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი ამ დროს რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, სამიზნეზე დაბალი ინფლაციის შემთხვევაში კი განაკვეთს ამცირებს. წელს ინფლაცია სებ-ის სამიზნე 4%-ზე მაღალია და მან ივნისში 7.1%-საც კი მიაღწია, რაც ბოლო ხუთი წლის მაქსიმალურ ნიშნულს წარმოადგენს.

კომენტარები