ოთარ კახიძე

სასამართლომ ოთარ კახიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 1 თვით იარაღის ტარება აუკრძალა

parliament.ge

პარლამენტარ ოთარ კახიძეს აქციაზე იარაღით მისვლის გამო, 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო იარაღის ტარება - 1 თვით აეკრძალა. კახიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. მისი განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“აღნიშნულ სამართალდარღვევაზე კანონი ითვალისწინებს 500 ლარის ოდენობის ჯარიმას. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და კანონიერი. გასაჩივრებას არ ვაპირებ”- განაცხადა კახიძემ და აღნიშნა, რომ იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძე 23 ივლისს ევროპული საქართველოს ორგანიზებულ აქციაზე იარაღით იმყოფებოდა. მისი თქმით, "ჩემი შეცდომაა, უნდა დამეტოვებინა იარაღი".

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები