მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა

neweurope.eu

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა დაკარგა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საემიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას საკუთარ Facebook-ზე უმაღლესი რადასს წევრი იგორ მოსიჩუკიც ავრცელებს. 

უკრაინული Обозреватель წერს, რომ სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის დაკარგვის საბაბი "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მეცხრამეტე მუხლის დარღვევა გახდა, რაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს.

კანონის მიხედვით პირი უკრაინის მოქალაქეობას კარგავს შემდეგ შემთხევვაში:

"უკრაინის მოქალაქეობის მიღება აღნიშნული კანონის მეცხრე მუხლის მიხედვით მოტყუების, წინასწარი შეცნობით არასწორი ინფორმაციის ან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით"

ტაბულას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ისინი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იცნობენ და ახლა მის გადამოწმებას ცდილობენ. 

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

მაისში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკოს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და ამისთვის იურიდიულ საბაბს ეძებდა.

"დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოიპოვონ ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას",- თქვა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა 2016 წლის 6 დეკემბერს რუსულენოვან DW-სთან მიცემულ ინტრევიუში განაცხადა, რომ თუ მას უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ ის "საცხოვრებლად საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გადავიდოდა".

კომენტარები