ფოტოგრაფია

23 წელი კარტერის სუიციდიდან - პულიტცერის მფლობელი ფოტოგრაფის ტრაგიკული ისტორია

ზუსტად 23 წლის წინ, 1994 წლის 27 ივლისს პულიტცერის პრემიის მფლობელმა, ომის ფოტოგრაფმა და "შეშლილთა კლუბის" წევრმა კევინ კარტერმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. 

მიუხედავად არაერთი წარმატებული და ცნობილი კადრისა, კარტერს მასობრივი ცნობადობა ფოტომ "შიმშილი სუდანში" მოუტანა. ფოტო ერთგვარი სიმბოლო გახდა აფრიკაში მიმდინარე მოვლენების. 

კევინ კარტერი 1960 წლის 30 სექტემბერს თეთრკანიან სამხრეთ-აფრიკელთა ოჯახში დაიბადა. მიუხედავად ფარმაციაში უმაღლესი განათლებისა და არმიაში მსახურებისა, კარიერა ფოტოგრაფიას დაუკავშირა და მთელი ცხოვრება აფრიკის კრიზისული სიტუაციის კადრებზე აღბეჭდვას მიუძღვნა. 

კარტერისთვის, როგორც თეთრკანიანისთვის, სამხრეთ აფრიკის მოვლენების გაშუქება საკმაოდ სარისკო საქმე იყო. 1990 წელს მას კიდევ 3 თეთრკანიანი მეგობარი შეუერთდა და ისინი ერთად აშუქებდნენ სამხრეთ აფრიკის სამოქალაქო ომს. კარტერი იყო პირველი, ვინც ვინც ე.წ "ყელსაბამი" აღბეჭდა - ასე უწოდებდნენ სამხრეთ აფრიკაში ერთერთ დასჯის მეთოდს, როდესაც ადამიანს კისერზე ცეცხლმოკიდებულ ბორბალს აცვამდნენ და ცოცხლად წვავდნენ. მათი ფოტოები საკმაოდ მძიმე იყო და მიმდინარე მოვლენების სიმახინჯეს სრული მასშტაბით გადმოსცემდნენ. მათ "პოლიტკორექტულობის" ზღვარი გადალახეს. მუშაობდნენ ომის ყველაზე ცხელ წერტილებში და სწორედ ამიტომ "შეშლილთა კლუბი" უწოდეს. ფოტოგრაფების კლუბზე 2010 წელს სტივენ სილვერმა ფილმი გადაიღო. ფილმი "შეშლილთა კლუბის" წევრების გრეგ მარინოვიჩისა და ჟოაო სილვას ავტობიოგრაფიული წიგნის "შეშლილთა კლუბი: კადრები დაფარული ომიდან" მიხედვით გადაიღეს.

 



კევინ კარტერის მეგობარი ჟურნალისტი იუდიტ მატლოფი ერთერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ კევინი ძალიან ბევრს ფიქრობდა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, ვისაც უღებდა. მისი თქმით, კარტერი წუხდა, რომ სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს ვერ ეხმარებოდა. რაც უფრო მეტად მწვავდებოდა სიტუაცია სამხრეთ აფრიკაში, მით უფრო მეტად იზრდებოდა კარტერის დამოკიდებულება კოკაინზე, რის გამოც მას გარკვეული ტიპის პრობლემები შეექმნა. 

1993 წელს კევინ კარტერი სამუშაოდ სამხრეთ სუდანში წავიდა, სადაც ხალხი მასობრივად შიმშილობდა. სწორედ აქ, სუდანში გადაიღო კევინ კარტერმა თავისი ცნობილი კადრი, რომელიც ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მძიმე და გახმაურებულ ფოტოდ დარჩა. ფოტომ, სახელწოდებით "შიმშილი სუდანში", არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. New York Times-ის რედაქციას დღეში ათასობის წერილი მისდიოდა, კითხვით: "რა ბედი ეწია ბავშვს?" ამ კითხვის დასმას ცდილობდა ყველა ჟურნალისტი კარტერისათვის, რის შემდეგაც არაერთი თეორია შეიქმნა. ერთერთი ვერსიის თანახმად, კარტერმა ფოტოს გადაღების შემდეგ, ბავშვი გადაარჩინა, ხოლო მეორე ვერსიით კი, ბავშვი სვავთან მარტო დატოვა. კითხვას ერთი კონკრეტული პასუხი დღემდე არ გასცემია. 



1994 წლის აპრილში ფოტოსთვის კევინ კარტერმა პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა იმავე დღეს მისი მეგობარი და "შეშლილთა კლუბის" წევრი კენ ოსტერბოეკი კონფლიქტის ზონაში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ჟურნალისტების დაჟინებულ და კრიტიკულ ტონალობაში დასმულ კითხვებს, ბავშვის ბედის შესახებ, უახლოესი მეგობრის სიკვდილიც დაემატა. კარტერი თავს იდანაშაულებდა და ამბობდა, რომ კენის ნაცვლად, თვითონ უნდა ყოფილიყო იქ, ის კი ქალაქში დარჩა ინტერვიუსთვის. 

როგორც კარტერის მეგობრები ყვებიან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კევინ კარტერი დაუფარავად საუბრობდა სუიციდზე. მათი თქმით, ის მის მიერ შეუსრულებელ დავალებებსა და ფულის ნაკლებობაზე ნერვიულობდა. 1994 წელს მან New York Times-ისგან მიიღო შემოთავაზება. კარტერი მოზამბიკაში გამგზავრებას სიამოვნებით დასთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღვიძარა დააყენა, გაღვიძება ვერ შეძლო და თვითმფრინავმა გაასწრო. შემდეგ უკვე დაბრუნებისას, თვითმფრინავის სავარძელზე გაუმჟღავნებელი ფირი დატოვა, იმ კადრებით სავსე, რომელიც მან მოზამბიკაში გადაიღო. თუმცა, ამას მოგვიანებით მიხვდა. 

პულიტცერის მიღებიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის 27 ივლისს 33 წლის ასაკში კევინ კარტერმა საკუთარ მანქანაში გაზის გაშვებით მოიკლა თავი. 

სიკვდილის წინ მან გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა:

მე მართლა, მართლა ვწუხვარ. ცხოვრების ტკივილი ბედნიერებას აჭარბებს, რადგან ბედნიერება საერთოდ არ არსებობს... მე დეპრესიაში ვარ... მობილურის გარეშე... ქირის ფულის გარეშე... ბავშვის ალიმენტის გარეშე... ვალების გადასახდელი ფულის გარეშე... ფული! მე მტანჯავენ მოგონებები გარდაცვლილ ადამიანებზე და გვამები და სიბრაზე და ტკივილი... მშიერი და დაშავებული ბავშვების, შეშლილი ადამიანების მზადყოფნა ბოროტების ჩასადენად, ძირითადად, პოლიციელები, მკვლელი ჯალათები... თუკი გამიმართლებს, კენთან მივდივარ.

კომენტარები