სოფლის მეურნეობა

მიწების მორატორიუმი არსებულ საკუთრების უფლებას ზღუდავს - ბიზნესომბუდსმენი

cypressenv.com

2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იურიდიულ ხარვეზს შეიცავს, რის გამოც მოქალაქეებსა და კომპანიებს უკვე არსებული საკუთრების უფლება შეეზღუდათ.

საქმე იმაშია, რომ პარლამენტის მხარდაჭერილი დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ მინიშნებას თარიღის შესახებ და ის კრძალავს უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას, ამის გამო კი მათ საკუთრების უფლება ეზღუდებათ.

ბიზნესომბუდსმენმა არსებულ სამართლებრივ ხარვეზთან დაკავშირებით პარლამენტს სპეციალური წერილით მიმართა:

"შეზღუდვა ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირზე, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ეს შეზღუდვა გავლენას ახდეს, როგორც აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ ნორმის ძალაში შესვლამდე განხრციელებულ ქმედებებზე ასევე მათ სამომავლო საქმიანობაზე. კერძოდ, ბაზრის შეზღუდვის გამო ბანკებს გაუჭირდებათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. რიგი კომერციული ბანკები ვეღარ ახერხებენ მორატორიუმის ძალაში შესვლამდე ნაყიდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბანკის საკუთრებად დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, იმ პირობებში როდესაც მოვალის ვალდებულება ბანკის წინაშე უკვე შეწყვეტილია, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გამო; 

შეუძლებელი გახდა კომერციული ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბანკის მიერვე შეძენა აუქციონზე. 
კომერციული ბანკები პრაქტიკულად უარს იტყვიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უზრუნველყოფის საშუალებად მიღებაზე, რაც გავლენას მოახდენს არამხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ იმ პირებზეც, რომლებზეც მორატორიუმი არ ვრცელდება. 

შეფერხდება სახელმწიფო პროგრამებიც, რომლებიც კომერციული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის კომპონენტს ითვალისწინებს. (მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა). ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საგანს სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს", - წერს ბიზნესომბუდსმენი.

ეს ქართული ოცნების მიერ ამ საკითხზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

კომენტარები