აშშ

51:49 - ტრამპის კანონპროექტი ობამაქეარის გაუქმებაზე სენატმა ჩააგდო

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს მიღებული ჯანდაცვის სისტემის ე.წ ობამაქეარის რეფორმირებას, აშშ-ის სენატში 51 ხმით 49-ის წინააღმდეგ ჩავარდა. 

ე.წ ობამაქეარის გაუქმება დონალდ ტრამპის ერთერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან უკვე მეორედ ვერ შეძლო ჯანდაცვის რეფორმის ჩანაცვლება. 

კენჭისყრა გუშინ, 27 ივლისს გაიმართა და დემოკრატებთან ერთად ტრამპის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკური პარტიის 3-მა წარმომადგენელმაც, რომელთა შორის ჯონ მაკკეინიცაა.

ამერიკული მედიის ცნობით, ჟურნალისტებმა შენიშნეს, როგორ ესაუბრებოდა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჯონ მაკკეინს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პენსმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლო. მაკკეინთან ერთად რესპუბლიკური პარტიიდან კანონპროექტს მხარი არც ლიზა მურკოვსკიმ და სუზენ კოლინსმა არ დაუჭირეს. 

კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტრამპმა თავის Twitter-ზე დაპოსტა:

"3-მა რესპუბლიკელმა და 48 დემოკრატმა ამერიკელ ხალხს იმედები გაუცრუა. როგორც თავიდანვე ვთქვი, მივცეთ უფლება ობამაქეარს თავისით განადგურდეს და მერე გავუმკლავდეთ. თვალი ადევნეთ!"

2010 წელს ობამაქეარის ანუ პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის (ACA) მიღების მიზანს მოსახლეობის, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონეთა სისტემაში ჩართვა წარმოადგენდა. დღეის მდგომარეობით პროგრამით 12.7 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ობამაქეარმა ასევე გააფართოვა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა მედიქეიდი.

მთავარი პრობლემა, რაც ობამაქეარს აქვს, არის ის, რომ სახელმწიფო სუბსიდია მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებისთვის საკმარისი არაა. თავდაპირველი ვარაუდის მიხედვით, პროგრამაში ახალგაზრდები ჩაერთვებოდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდების დაზღვევით უზრუნველყოფა შედარებით იაფი დაჯდებოდა. თუმცა სინამდვილეში ობამაქეარის პოლისის მფლობელები გახდნენ ადამიანები, რომელთა ჯანდაცვით უზრუნველყოფა წინაწარ განსაზღვრულზე ძვირი დაჯდა. ობამაქეარის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის სექტორში 52%-ს გადასცდა. ამავდროულად, საჯარო სექტორის ხარჯები კერძო სექტორის ხარჯებზე უფრო მზარდია, რის გამოც ზრდის არსებული ტემპებით 2024 წლისთვის სახელმწიფოს წილი ჯანდაცვაში 56%-მდე გაიზრდება.

კომენტარები