ქრთამის მიცემა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული შპს  "ლადი 2011"-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. არის. ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ქრთამი, სუფსის სანაპიროზე სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ შესთავაზა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს  და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული - ინერტული სამშენებლო მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.  ბრალდებულმა საჯარო მოხელეს  სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობა თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ წინასწარ ქრთამის სახით მისცემდა  მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბზე 50 თეთრის ოდენობით." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციითვე, ბრალდებულმა საჯარო მოხელეს წინასწარ ქრთამის სახით 4000 ლარი გადასცა, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

საქმეზე გამოძიება, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2  ნაწილით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  4-დან  7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები