აშშ

ჯონ მაკკეინი ხსნის, რატომ არ დაუჭირა მხარი ობამაქეარის გაუქმებას

Aaron P. Bernstein / Reuters

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი ერთერთია რესპუბლიკური პარტიის 3 წარმომადგენლიდან, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიცირებულ კანონპროექტს ობამაქეარის გაუქმებასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირა

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, მაკკეინი თავისი "არას" მიზეზებზე ალაპარაკდა. სენატორის თქმით, მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ობამაქეარი უნდა გაუქმებულიყო, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკეთესი ჯანდაცვის სისტემით ჩანაცვლდებოდა. 

"მე თავიდანვე მჯეროდა, რომ ობამაქეარი უნდა გაუქმდეს და ის უნდა ჩანაცვლდეს ისეთი საშუალებით, რომელიც გაზრდის კონკურენციას, შეამცირებს ხარჯებს და გააუმჯობესებს ჯანდაცვას ამერიკელი ხალხისთვის. ე.წ "კოსმეტიკური ცვლილებებით" გაუმჯობესება, რომელსაც დღეს სენატმა უყარა კენჭი, ამ მიზნებს ვერ მიაღწევს,"- აცხადებს მაკკეინი.

მისი თქმით, ტრამპის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ამერიკის მოსახლეობას ობამაქეარის გაუმჯობესებულ ვარიანტს არ სთავაზობს. 

"ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომა, რამაც გამოიწვია ობამაქეარის დამარცხება, ჩემი მშობლიური შტატის არიზონას ჩათვლით, სადაც პრემიები მზარდია და ჯანდაცვის პროვაიდერები ბაზრიდან ქრებიან. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი კანონის ფარგლებში, გავუგზავნოთ ანგარიში კომიტეტს, მივიღოთ მოსაზრება ორივე მხარისგან, ყურადღება მივაქციოთ გუბერნატორების რეკომენდაციებსა და ვაწარმოოთ ანგარიში, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ამერიკელი ხალხისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ამას,"- აცხადებს მაკკეინი.

ყველასთვის გამაოგნებელი ფაქტი აღმოჩნდა, როცა ჯონ მაკკეინი მძიმე ოპერაციის შემდეგ სენატში ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან უკვე ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს მიღებული ჯანდაცვის სისტემის ე.წ ობამაქეარის რეფორმირებას, აშშ-ის სენატში 51 ხმით 49-ის წინააღმდეგ ჩავარდა. 

2010 წელს ობამაქეარის ანუ პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის (ACA) მიღების მიზანს მოსახლეობის, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონეთა სისტემაში ჩართვა წარმოადგენდა. დღეის მდგომარეობით პროგრამით 12.7 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ობამაქეარმა ასევე გააფართოვა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა მედიქეიდი.

მთავარი პრობლემა, რაც ობამაქეარს აქვს, არის ის, რომ სახელმწიფო სუბსიდია მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებისთვის საკმარისი არაა. თავდაპირველი ვარაუდის მიხედვით, პროგრამაში ახალგაზრდები ჩაერთვებოდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდების დაზღვევით უზრუნველყოფა შედარებით იაფი დაჯდებოდა. თუმცა სინამდვილეში ობამაქეარის პოლისის მფლობელები გახდნენ ადამიანები, რომელთა ჯანდაცვით უზრუნველყოფა წინაწარ განსაზღვრულზე ძვირი დაჯდა. ობამაქეარის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის სექტორში 52%-ს გადასცდა. ამავდროულად, საჯარო სექტორის ხარჯები კერძო სექტორის ხარჯებზე უფრო მზარდია, რის გამოც ზრდის არსებული ტემპებით 2024 წლისთვის სახელმწიფოს წილი ჯანდაცვაში 56%-მდე გაიზრდება.

კომენტარები