სოკარი

სოკარზე დაკისრებული 14-მილიონიანი ჯარიმა სასამართლომ ბათილად ცნო

jvm.com

უზენაესმა სასამართლომ სოკარზე დაკისრებული 14.4-მილიონიანი ჯარიმა ბათილად ცნო. სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა იმის შესახებ თითქოს სოკარმა კონკურენციის კანონმდებლობა დაარღვია და საქმე ხელახალი შესწავლისთვის ისევ სააგენტოში დააბრუნა.

"როგორც ცნობილია, ნავთობკომპანიების საქმეზე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში მიმდინარეობს 9 სასამართლო დავა, საიდანაც ერთ-ერთი საქმე, უზენაესი სასამართლოს მიერ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კონკურენციის სააგენტოს და ხელახალი შესწავლა ხდება.  დანარჩენი საქმეები, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული. დავების დასრულების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას", - ასე პასუხობენ ტაბულას სააგენტოში.

კონკურენციის სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2012-2014 წლებში სოკარის მხრიდან კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. სააგენტომ 2015 წლის ზაფხულში ბაზრის კვლევის შემდეგ ნავთობის ბაზრის ყველა ძირითად მოთამაშეს ჯამში 55 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, მას შემდეგ პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. 

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. სოკარი 14.4 მილიონი.
  2. გალფი 11.2 მილიონი.
  3. რომპეტროლი 10.9 მილიონი.
  4. ვისოლი 10.4 მილიონი.
  5. ლუკოილი 4.7 მილიონი.

2015 წელს ნავთობის ბაზრის კვლევის დაწყების გადაწყვეტილება მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.  მაშინ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობდა, რომ კომპანიების დაჯარიმება მომავალში ნავთობის ბაზარზე სპეკულაციების თავიდან არიდებას გამოიწვევდა.

სოკარის მსგავსად კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სხვა კომპანიებმაც გაასაჩივრეს, ამჟამად სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოები ამ საქმეებს სწავლობენ.

კომენტარები