ელექტრომობილი

გრაფიკი, რომელიც ელექტრომობილების რევოლუციას მოასწავებს

Reuters

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ ახალი ელექტრომობილი, model 3 წარადგინა. ეს იქნება მასობრივ ბაზარზე გათვლილი პირველი ელექტრომობილი, რომელსაც ავტონომიური მართვის პროგრამა და ერთი დატენვით 350 კილომეტრის გავლა შეეძლება. მისი საწყისი ფასი $35 ათასია.

მოდელი 3-ის შესაძენად წინასწარი რეგისტრაცია დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გაიარა, მათი უმეტესეობა ავტომობილს 2018 წელს მიიღებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ Tesla-ს "მეგასაწარმოს" სრული დატვირთვით მუშაობა ჯერ არ შეუძლია. Tesla-მ მოდელი 3-ის მეორე ვერსიაც წარადგინა, რომელსაც ერთი დატენვით 498 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი ღირებულება $44 ათასიდან იწყება.

Tesla-ს ხელმძღვანელის ელონ მასკის თქმით, მოდელი 3-ის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა რომ არა შედარებით ძვირადღირებული ავტომობილების Model s-ისა და Model X-ის გაყიდვები (თითეულის ფასი დაახლოებით $100 ათასია), რადგანაც კომპანია ამ ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას სრულად მასობრივ ბაზარზე გათვლილ მოდელ 3-ში აბანდებს. 

მასობრივ ბაზარზე გათვლილი, გრძელმანძილიანი (ერთ დატევნაზე 498 კილომეტრი) ელექტრომობილი წარადგინა Chevrolet-მაც. Chevy Bolt-ის ღირებულება $37 ათასიდან იწყება. Tesla-სგან განსხვავებით Bolt-ს გზატკეცილზე ავტონომიურად მართვის ფუნქცია არ აქვს.

გრაფიკი, რომელიც ელექტრომობილების რევოლუციას მოასწავებს:

უახლოესი 10 წლის მანძილზე მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმის დაწყებაა მოსალოდნელი. S მრუდი წარმოადგენს მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიების ათვისების მაჩვენებელს. გასული საუკუნის მანძილზე პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური სიახლის ათვისება S მრუდის მიხედვით მოხდა. გრაფიკის მიხედვით, ტექნოლოგიის განვითარების თავდაპირველ წლებში მისი გავრცელება საკმაოდ დაბალია, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესისა და მასობრივი წარმოების შედეგად დაახლოებით 10-15 წლის პერიოდში მისი ძალიან მაღალი ტემპებით გავრცელება ხდება. ასე მოხდა მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ინტერნეტის, ტელევიზორის, რადიოს, მაცივარისა და სხვა ათობით დასახელების პროდუქტის შემთხვევაში. 

ელექტრომობილების შემთხვევაშიც მსგავსი ტრენდი შეინიშნება. დღეისთვის ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი ყველაზე მაღალი ნორვეგიაშია, სადაც 2016 წელს შეძენილი ავტომობილების 26% ელექტრომობილი იყო, შედარებისთვის 2013 წელს ნორვეგიაში ელექტრომობილების წილი 6%-ს შეადგენდა. გლობალურად კი ელექტრომობილების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ავტომობილია, საიდანაც ელექტრომობილი დაახლოებით 2 მილიონია.

მთავარი გამოწვევა, რაც ელექტრომობილებმა უნდა გადალახონ ელექტრობატარეის ტევადობის ზრდა და დატენვის დროის შემცირებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, უკვე 2030 წლისთვის ახალი ელექტრომობილის ღირებულება შიგა წვის ავტომობილის ღირებულებაზე ნაკლები იქნება, ამ შემთხვევაში კი მსოფლიოში შიგა წვის ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლება უკვე გარდაუვალი იქნება.

კომენტარები