აშშ-ის სანქციები რუსეთს

პუტინი იმაზე მეტი დიპლომატის გაყრას გეგმავს, რამდენიც აშშ-ს რუსეთში ჰყავს

AFP

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ აშშ-ის 755-მა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს. ეს აშშ-ის სანქციებზე რუსეთის პასუხია. 

გადაწყვეტილება პუტინმა პარასკევს მიიღო, თუმცა დღეს იმ ადამიანების ზუსტი რიცხვი თქვა, ვინც 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს ქვეყანა. 

BBC-ის ცნობით, პუტინის გადაწყვეტილება დიპლომატების წინააღმდეგ გამართული ყველაზე მასშტაბური აქტია თანამედროვე ისტორიაში. მათივე ინფორმაციით, 755 დიპლომატს შორის, აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ჩართული რუსი დასაქმებულებიც მოხვდებიან, 

ოფიციალური აშშ ამბობს, რომ ისინი საპასუხო რეაქციაზე ფიქრობენ. 

ჯერჯერობით უცნობია რუსეთში დასაქმებული დიპლომატების ზუსტი რაოდენობა, თუმცა მაიკ მაკფოლი, რომელიც წარსულში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამასთან 2012-14 წლებში რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტს იკავებდა, Twitter-ზე წერს, რომ აშშ-ს რუსეთში 755 დიპლომატი არ ჰყავს. 

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისათვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა 29 ივლისს გაავრცელა.

აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი თითქმის სრული უმრავლესობით (98 2-ის წინააღმდეგ) გუშინ დაუჭირა.

ახალი კანონპროექტი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას გამკაცრებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები კონკრეტული სახელმწიფოების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს საკუთარი ქვეყნების საზღვრებზე წვდომა ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებს.

კომენტარები