მაიკ პენსის ვიზიტი

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის მთავარი გზავნილები საქართველოსთვის

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს ეწვია, 1 აგვისტოს კი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარა.

პენსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას და ბრიფინგისას რუსულ აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება. 

"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვენთან და ქართველ ხალხთან მარტივი გზავნილით გამომიშვა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან ჩვენი მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით. ერთი სიტყვით, მინდა გითხრათ, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას და ამერიკა არის საქართველოს გვერდით.

შეიძლება, ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, მაგრამ ქართველი ხალხის მტკიცე გამბადეობა და სული ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. სულ რაღაც ერთი თაობის წინ იყო, როცა საქართველო საბჭოთა კავშირში იყო გამომწყვდეული და როცა ეს ბრუტალური რეჟიმი დაეცა, თქვენ აღიდგინეთ თქვენი დამოუკიდებლობა და თქვენი თავისუფლება.

თქვენ დახმარებისთვის ხელი გაუწოდეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ ხელი ჩაგკიდეთ.

საქართველო არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ისთვის. 2004 წლის შემდეგ ათასობით ქართველი ჯარისკაცი იბრძოდა მხარდამხარ ამერიკელებთან ერთად - კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში. მთელი მადლიერებით ვაცხადებ, მხოლოდ ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველა ქვეყანაზე მეტი ჯარისკაცი გამოგზავნა და 21-მა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე თავისუფლების საფასურად.

მე და პრეზიდენტი ტრამპი 2010 წელს ბუქარესტში NATO-ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მტკიცედ ვდგავართ, რომელმაც ცხადი გახადა, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება NATO-ს წევრი. ზუსტად ამ წუთებში, სულ რაღაც 40 მილის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავართ, რუსული ტანკები დგანან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. დღეს რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს 1/5.

ამიტომაც, ცხადი რომ იყოს - აშშ მკაცრად გმობს რუსეთის ოკუპაციას საქართველოზე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პრეზიდენტი ტრამპი უარყოფს ნებისმიერ ჩარევას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ქვეყნისგან, რომელიც ხელყოფს ამ პრინციპებს.

უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც აშშ საქართველოს გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით ყოფნას,"- განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა.

კომენტარები