მაიკ პენსის ვიზიტი

მარგველაშვილი აშშ-ს საქართველოს საკითხებში სპეც. წარმომადგენლის დანიშვნას სთხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას სთხოვს. შესაბამისი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მიმართა.

"მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა საქართველო უკვე დატოვა. მაიკ პენსი საქართველოს გუშინ ეწვია და შეხვდა პრემიერმინისტრს, ოპოზიციას, საქართველოს პატრიარქს.

გარდა ამისა, ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, მრავალეროვნულ სწავლებაში ”ღირსეული პარტნიორი” მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა.

მაიკ პენსი საქართველოდან მონტენეგროში გაემგზავრა.

კომენტარები