ოკუპაცია

რუსული მედია: პუტინი აგვისტოს ომის წლისთავზე აფხაზეთში ჩავა

Getty Images

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია РБК საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

РБК -ის ინფორმაციით, პუტინი აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან გამართავს შეხვედრას. ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ არსებულ ინფორმაციას დუმას დეპუტატი კონსტანტინ ზატულინიც ადასტურებს.

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთს 2009 და 2013 წლებშიც სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტი კი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ საქართველოს დატოვებიდან რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.

დღეს თბილისში მყოფმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ის სრულად უჭერენ მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.

მაიკ პენსმა დღეს ასევე განაცხადა - "დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს".

კომენტარები