უნდა გაყიდოთ თუ არა თქვენი ბიტკოინი - რა შეიცვალა ბიტკოინის გაყოფით

Reuters

მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა - ბიტკოინი ორად გაიყო. პროცესს, რომელსაც Fork-ს უწოდებენ, ბიტკოინის ღირებულების ვარდნა მოჰყვა. გუშინ ერთი ბიტკოინის ღირებულება $2922 იყო, დღეს კი ის $2734 ღირს.

გაყოფის შედეგად ახალი კრიპტოვალუტა - Bictoin Cach წარმოიშვა. ახალი ვალუტის ღირებულება სწრაფად იზრდება და ის ამ დროისთვის დაახლოებით $558-ია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბიტკოინის მფლობელები მათ ანგარიშებს ყიდიან და ახალ კრიპტოვალუტას ყიდულობენ. 

რა სხვაობაა Bitcoin-სა და Bitcoin Cash-ს შორის:

ამაზე პასუხისთვის საჭიროა იმის ცოდნა თუ რა პრობლემის წინაშეა ბიტკოინი. 

ბიტკოინზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მის ქსელი გადატვირთულია, რის გამოც ოპერაციების დამუშავების პროცესი შენელდა. ქსელი, რომელმაც დღევანდელი სახე დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო, ამ დატვირთვას ვერ უძლებს.

ბიტკოინის გაყოფის მიზეზი კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით ორი დაპირისპირებული მხარის შეხედულებები გახდა. 

მაინერების ერთი ნაწილი, ე.წ "ძირითადი დეველოპერები" მოითხოვდნენ, რომ რვაჯერ გაზრდილიყო იმ ბლოკჩეინ ბლოკების ტევადობა, რომლითაც ბიტკოინის გარიგებები აღირიცხება. ეს ნაბიჯი ბიტკოინის ტრანზაქციებს ბევრად დააჩქარებდა და მას მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემდა, თუმცა ბიტკოინის მესვეურებმა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, გაეზარდათ ბლოკჩეინ ბლოკების მოცულობა დღეს არსებული ერთი მეგაბაიტიდან - ორ მეგაბაიტამდე.

"ძირითადი დეველოპერების" აზრით, ეს ზრდა უმნიშვნელოა და კრიპტოვალუტას მომავალში ისევე შეუქმნის პრობლემებს, ამიტომაც მათ ბიტკოინის გაყოფა გადაწყვიტეს. დეველოპერებმა შექმნეს ახალი კრიპტოვალუტა, რომლის სახელიცაა Bitcoin Cach და ის 8-მეგაბაიტიანი ბლოკჩეინ ბლოკებისგან შედგება.

უნდა გაყიდოთ თუ არა თქვენი ბიტკოინი

ახალი კრიპტოვალუტას ამ დროისთვის არ აქვს სათანადო მხარდაჭერა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბიტკოინ საფულეების ნაწილი მის გარიგებებს არ აპროცესებს. 

ამავდროულად საინტერესოა გაყოფაზე ბაზრის რეაქცია. გაყოფის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება მართალია შემცირდა, თუმცა ეს შემცირება ბიტკოინის სტანდარტებით დრამატული არაა, ეს კი ნიშნავს, რომ ბაზრის ნდობა ბიტკოინის მიმართ მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

ამასთანავე პროგრამული განახლების შედეგად (ბლოკების 2 მეგაბაიტამდე ზრდით) ბიტკოინის გარიგებების სიჩქარე სავარაუდოდ უნდა გაიზარდოს. 

სავარაუდოდ Bitcoin Cach-ის ღირებულება უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება, ამასთანავე გაყოფის შემდეგ ზრდა შეინიშნება სხვა ბლოკჩეინ კრიპტოვალუტებში, მაგალითად ეთერიუმში.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულება) დაახლოებით $37 მილიარდია. 

კომენტარები