საკონსტიტუციო ცვლილებები

NGO-ები: დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლებას

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ვენეციის კომისიას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს რელიგიის საკითხებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულ კომისიას (ECRI) მიმართეს. მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებზე დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას საქართველოში და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

"კერძოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ზედმეტად გააფართოვდა. მათ შორის, იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი ითვალისწინებს.

პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, რელიგიის თავისუფლებაში ზოგადი საფუძვლებით უხეში ჩარევის  რისკებს წარმოშობს ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის" - აცხადებენ ხელმომწერები და ნეგატიურად აფასებენ კონსტიტუციური პროექტის მე-8 მუხლსაც, რომლის მიხედვითაც, რწმენის თავისუფლება ცალკეულ სიკეთედ აღარ არის განხილული და წარმოდგენილია მართმადიდებელი ეკლესიის როლთან ერთობლიობაში.

"სახელმწიფომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება შემოზღუდა მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილის აღიარებით, რაც უფლებრივი თვალსაზრისით, სტანდარტის გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯია" - აცხადებენ წერილის ავტორები და მიმართავენ ადრესატებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში არ მოხდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტების გაუარესება.

დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს მიმართვა რელიგიური საბჭოს წევრებმაც გაავრცელეს.

კომენტარები