აშშ-ის სანქციები რუსეთს

მედვედევი: აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინს წერტილი დაესვა

en.academic.ru

რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის შეფასებით, "აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ ახალ სანქციებს ცუდი შედეგები მოყვება". მედვედევმა აღნიშნა, რომ "პირველ რიგში, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინს წერტილი დაესვა".

"მეორე, რუსეთს გამოუცხადეს სრული სავაჭრო ომი. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უძლურება აჩვენა, როდესაც ყველაზე დამამცირებელი ფორმით კონგრესს აღმასრულებლის უფლებები მიანიჭა. ეს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებს შორის ძალების გადანაწილებას ცვლის" - თქვა მედვედევმა და აღნიშნა, რომ "ამერიკულმა ისტებლიშმენტმა ტრამპი გააცურა".

რუსეთის პრემიერის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტს არ უხარია ახალი სანქციები, მაგრამ არ შეეძლო, ხელი არ მოეწერა.

"ახალი სანქციების თემა ტრამპისთვის ადგილის მისაჩენად შეიქმნა. წინ კიდევ სხვა ნაბიჯები იქნება, რომელთა საბოლოო მიზანიც მისთვის [ტრამპისთვის] ძალაუფლებისგან ჩამოშორებაა. არასისტემური მოთამაშე უნდა ლიკვიდირდეს. ამასთან, ამერიკელი ბიზნესმენების ინტერესები პრაქტიკულად უგულვებელყოფილია. ანტირუსული ისტერია არა მხოლოდ ამერიკის გარე პოლიტიკის მთავარი ნაწილია (რაც აქამდეც არაერთხელ ყოფილა), არამედ უკვა შიდა პოლიტიკისაც (რაც სიახლეა)" - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერის თქმითვე, "სანქციონალური რეჟიმი კოდიფიცირებულია და ათწლეულების მანძილზე შეინახება, თუკი რაიმე სასწაული არ მოხდა. ის უფრო სასტიკი იქნება, ვიდრე ჯეკსონ-ვენიკის კანონი, ის ყოვლისმომცველია და პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით ვერ გადაიდება, თუ არ იქნება კონგრესის თანხმობა". მედვედევმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ, რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იქნება დაძაბული ურთიერთობა იმის მიუხედავად, ვინ იქნება კონგრესში და როგორი იქნება პრეზიდენტი.

"წინ გრძელი საერთაშორისო განხილვები გველოდება. უარია საერთაშორისო დონის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ მშვიდად გავაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკისა და სოციალური სფეროს გასავითარებლად, ვეცდებით იმპორტის ჩანაცვლებას, გადავწყვეტთ მნიშვნელოვან სახელმწიფო პრობლემებს და პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიქნებით დამოკიდებული. ჩვენ ბოლო წლებში ამის კეთება ვისწავლეთ. და ეს იმ პირობებში, როცა ფინანსური წრეები თითქმის დახურულია, ხოლო უცხოელ ინვესტორებსა და კრედიტორებს ეშინიათ რუსეთში ფულის ჩადება იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საფრთხე არსებობს. რაღაც მხრივ, ეს გვაწყობს კიდეც, თუმცა მთლიანობაში, ეს სანქციები უაზრობაა. ჩვენ გავუმკლავდებით" - თქვა მედვედევმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი გუშინ, 2 აგვისტოს მოაწერა.

კანონპროექტის მიხედვით, ახალი სანქციები რუსეთის გარდა ირანსა და ჩრდილოეთ კორეასაც დაეკისრებათ.

ტრამპის ხელმოწერამდე, რუსეთმა უკვე მიიღო ზომები და აშშ-ს რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვთან ახლოს საელჩოს საზაფხულო რეზიდენცია დაიხურება.

ახალი კანონპროექტი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას, მათ გამკაცრებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა, ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები კონკრეტული სახელმწიფოების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს საკუთარი ქვეყნების საზღვრებზე წვდომა ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებს.

კომენტარები