აშშ-საქართველო

პრემიერი: მადლობას ვუხდი აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის. მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანას.

"კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხისა და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვიცე-პრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული სამი მთავარი პრიორიტეტი - უსაფრთხოება და სტაბილურობა; რა თქმა უნდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის ასე პოზიტიურად შეფასებული.

ეს პირველ რიგში არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი, მკაფიო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები