ნარკოპოლიტიკა

თხმ: GEM FEST-ზე კლუბური ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

Facebook/ GEM Fest

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე GEM FEST-ზე გუშინ გვიან ღამით კლუბური ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს. 

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დათო სუბელიანის თქმით, დაკავებულმა ადვოკატს უთხრა, რომ სამართალდამცავებმა მას, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. სუბელიანი ამბობს, რომ დაკავება არა ტერიტორიის მიღმა მოხდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, არამედ უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიაზე. 

"რამდენადაც მე ვიცი, ეს არის გადაცმული პოლიციელების თემა, რომლებიც შედიიან ფესტივალზე და ვითომ არიან ფესტივალის მონაწილეები. უნდა გავარკვიოთ, ხომ არ აქვს ამას ორგანიზებული სახე და ა.შ. თავიდან როცა ჩვენ კონტაქტი გვქონდა მათთან, ისინი ამბობდნენ, რომ დაკავება ტერიტორიის გარეთ მოხდა. მოკლედ, კითხვითი ნიშნები არის,"- ამბობს სუბელიანი. 

ტაბულას კითხვაზე, სად მოხდა აღნიშნული პირის დაკავება, ფესტივალის ტერიტორიაზე თუ მის გარეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ გვპასუხობს. 

მათი თქმით, მიმდინარეობს ექსპერტიზა და დამატებით კითხვებს მხოლოდ შედეგების შემდეგ გაეცემა პასუხი. 

უწყება ტაბულასთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს დაკავებულ პირზე ძალადობის ფაქტს. მათივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას. 

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით დაკავებულ პირს 17 აბი ექსტაზი, "ცოტა MDMA და ცოტა ჰაშიში" აღმოუჩინეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზის დასკვნამდე ნარკოტიკის რაოდენობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

კომენტარები