აივ ინფექცია

რუსეთში აივ დადებითი ბავშვის დაუდევრობით მოკვლაში ბრალდებული დედის საქმე დაიხურა

ShutterStock

რუსეთში, ქალაქ ტიუმენის სასამართლომ 34 წლის ქალის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლის მიხედვითაც ქალს ბრალად ორი წლის შვილის დაუდევრობით მკვლელობა ედებოდა, დახურა.

მცირეწლოვანი გოგონა აპრილში შიდსით დაიღუპა. გოგონას სიკვდილის მიზეზი კი ის გახდა, რომ მის დედას აივ ინფექციის არსებობის უბრალოდ არ სჯერა და გოგონას მკურნალობაზე უარს ამბობდა. მისი აზრით, ბავშვის დაავადება ჰეპატიტის ვაქცინის ცუდად გაკეთებამ გამოიწვია და ცდილობდა, რომ ბავშვისთვის ჰომეოპათიური მედიცინის საშუალებით ემკურნალა.

მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებული საკუთარ მეუღლეს, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა სასამართლო დარბაზში შეურიგდა.

პროკურორი კი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მისი თქმით, სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვის სიცოცხლე გადარჩენილიყო ან გარკვეული დროით მაინც გახანგრძლივებულიყო. ოლქის პროკურორს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღე აქვს.

კომენტარები