საქართველო-რუსეთი

R2: პუტინის თანაპარტიელი თბილისშია, მან ილია II-სგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო

რუსთავი 2

რუსთავი ორის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის თანაპარტიელი და "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მასპინძელი, დუმას დეპუტატი არტემ კავინოვი საქართველოში იმყოფება. ტელეკომპანიასთან საუბარში, მამა გიორგი გურჩიანი ამბობს, რომ კავინოვი თბილისში გუშინ, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩამოვიდა და საქართველოს პატრიარქს ილიაობა - მფარველი ანგელოზის დღე მიულოცა. მისი თქმით, რუსი პოლიტიკოსი სვეტიცხოველში იმყოფებოდა, საღამოს კი, ის საპატრიარქოშიც მიიწვიეს და ილია მეორეს საჩუქარიც გადასცა. მამა გიორგი ამბობს, რომ ეს იყო "მეგობრული და თბილი შეხვედრა". მისი თქმით, კავინოვმა საქართველოს პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო.

გარდა ამისა, რუსთავი ორთან საუბარში, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია ამბობს, რომ კურიერმა კავინოვთან შეხვედრისას განხილული თემების შესახებ არ უნდა იცოდეს.

"ჩვენ გვაქვს კერძო შეხვედრა, არაოფიციალური და ვსაუბრობთ ყველაფერზე, ქვეყანაზე რაც ხდება. "კურიერზე" ვჭორიკნობთ, "კურიერი" როგორი გადაცემაა კარგი, თუ ცუდი. "კურიერი" ანგრევს ჩვენს ქვეყანას, თუ არ ანგრევს ჩვენს ქვეყანას, აი ამაზე ვლაპარაკობთ. მე არ მაქვს დრო, რომ თქვენ გვესაუბროთ,“ - თქვა მარშანიამ.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ერთი თვის წინ, რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის სათათბიროს წევრებს, მათ შორის, არტემ კავინოვს შეხვდნენ. ისინი საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ თქვა, რომ "რუსი დეპუტატებიც უნდა ჩამოვიდნენ და ჩვენც სისტემატურად ვივლით მოსკოვში".

კომენტარები