ლატარია

საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება

JOEL SAGET / AFP

საქართველოს ლატარიის კომპანია რამდენიმე კვირაში საქმიანობას შეწყვეტს. ლოტოს უკანასკნელი 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება, ამ გათამაშების მოგებული თანხის დარიგების შემდეგ კი კომპანია ოპერირებას შეწყვეტს. საქართველოს ლატარიის კომპანია 2009 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, ბაზრის სრული მონოპოლისტია.

საქმიანობის შეჩერების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიამ ვერ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები და მას წლების მანძილზე ბიუჯეტის წინაშე ათობით მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა. გადაწყვეტილება, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის სექტემბერში მიიღო და ლატარიის ჩატარებისთვის მალევე ახალი კომპანიის შერჩევა დაიწყო.

როგორც ცნობილია ფინანსთა სამინისტრო ახალ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში ლატარიის ჩატარებას უზრუნველყოფს უახლოეს დღეებში წარადგენს.

ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანია უკვე წლებია გადასახადებს თავს არიდებს და ამავდროულად წაგებაზე მუშაობს. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ლატარიის კომპანიის პრივატიზაცია გადაწყვიტა, მაშინ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის საწყისი ფასი ათას ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა ვალებით დამძიმებული კომპანიის შეძენა არავინ მოისურვა. 2016 წლის 11 თებერვალს სახელმწიფომ აუცქიონი შეაჩერა. 

კომპანიას სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 200-მილიონიანი დავალიანება აქვს.

კომენტარები