მცოცავი ოკუპაცია

ბესელია მცოცავ ოკუპაციაზე: პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია თანაგუნდელ დავით სერგეენკოს მსგავსად მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში დამნაშავე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

კერძოდ, ბესელია ამბობს, რომ ე.წ ბორდერიზაცია "ნაციონალების მიერ რუსებისთვის ჩაბარებულ მიწებზე" ხდება. 

"დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და საკუთარი ხელით ქმნიდნენ ამ აბსურდულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკას არავითარ შენიშვნას, მოწოდებას და მითუმეტეს კრიტიკას არ მივიღებთ,"- ამბობს ეკა ბესელია.

ბესელიას მტკიცებით, გარდა იმისა, რომ მცოცავი ოკუპაცია ენმ-ის ბრალია, მათ "ხალხი მიატოვეს მტრის პირისპირ".

"რუსეთი არღვევს ყველა კანონს და ნორმას და, რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას, საქართველოს მხრიდან ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებრივ პროცესზე - რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას! ამასთან, ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც 2008 წელს ხალხი მიატოვა მტრის პირისპირ და ბედის ანაბარა დატოვა!" - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი. 

ბესელია ამბობს, რომ ქართული ოცნების მთელი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისკენაა მიმართული და ეს მმართველი გუნდის "ყველაზე დიდი საზრუნავია".

კომენტარები