ქართველი სამხედროები ავღანეთში

ავღანეთში დაშავებული 2 ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ქართველი ჯარისკაცის - კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის - მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათთან ერთად დაშავებული კაპრალი გეგა ხარშილაძე კი სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინვე გაწერეს და ის სამხედრო ვალდებულების შესრულებას აგრძელებს.  ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯარისკაცებს ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყონებლივ ჩაუტარდათ. 

"23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა,"-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმისას გარდაიცვალა. იმავე თავდასხმისას დაშავდა კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი. 

ჯარისკაცს მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს, სამხედრო წესით ჩამოასვენებენ. 

ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსის სამხედრო წარმომადგენლობისა და NATO-ს ავღანური სარდლობის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, დაღუპული ქართველი ჯარისკაცის პატივსაცემად საქართველოს დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა "მარმალზე" დაეშვა.

კომენტარები