თეთრი ხმაურის მოძრაობა

თხმ: GEM FEST-ზე მომხდარ ტრაგედიაზე ერთი პასუხი არსებობს - ნარკოპოლიტიკის რეფორმა

0 კომენტარი

თეთრი ხმაურის მოძრაობა ელექტრონულ ფესტივალზე Gem Fest-ზე ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მოძრაობა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 

"დღევანდელი მძიმე ფაქტით გამოწვეული ტკივილი საერთოა,"- წერია განცხადებაში.

მათი თქმით, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე არ იციან, არსებობს თუ არა კავშირი ზემოაღნიშნულ მოვლენებს შორის. შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მოძრაობა მომხმარებლებსა და საზოგადოებას მიმართავს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხისმგებლობით მოეკიდონ. 

"მნიშვნელოვანია ობიექტური სურათის არარსებობამდე თავი შევიკავოთ საზოგადოებაში პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან. ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი. არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გაიდაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირების, საინფორმაციო, თუ უსფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობის განცხადებით, მოვლენაზე ერთადერთი სწორი პასუხი არსებობს - ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა, "ახალი რეალობის შექმნა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს", რაც მათივე თქმით, მხოლოდ სამედიცინო, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება გაუაზრებელი პოლიტიკით დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი - ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენ არ გვაქვს გადავადებისა და ფუჭი დაპირისპირიბების დრო.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი, მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა. ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოვებს მსგავს ტრაგედიებთან,"- აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა.

დღეს ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები